ვალუტა:
ინფორმაცია
კატეგორიები
რჩეული პროდუქცია
ქართული ხალხური პროზა 4 - ეთერიანი
|
|
აკადემიური წიგნი, თბილისი 2023, 283 გვ.
ISBN: 978-9941-9761-8-6
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
სარედაქციო კოლეგია:
† ზურაბ კიკნაძე
ირმა რატიანი
ოთარ ონიანი
ასმათ პაპიძე
რუსუდან ჩოლოყაშვილი (თავმჯდომარე)
ტომი შეადგინა და შენიშვნები დაურთო
† მიხეილ ჩიქოვანმა
ტომის რედაქტორები:
† ზურაბ კიკნაძე
რუსუდან ჩოლოყაშვილი
გამოცემის რედაქტორები – მაია ღამბაშიძე, ნინო ღამბაშიძე
ილუსტრატორი – მიხეილ ამბოკაძე
"ეთერიანი" ცამეტი ვარიანტის საფუძველზე პირველად პ. უმიკაშვილმა გამოაქვეყნა 1875 წელს. გამომცემელი მას "ზღაპარს" უწოდებს ("აბესალომ და ეთერის ზღაპარი ისეთი რამ არის...") და, მართლაც, ამ ამბავს ვარიანტთა უმეტესობაში ზღაპრის სამოსელი მოსავს თავისი ტრადიციული წინკარით - "იყო და არა იყო რა". ზოგიერთ ჩანაწერში გაზღაპრების პროცესი ბოლომდეა მისული: ამბავი ზღაპრისეული კლასიკური დასასრულით - ქორწილით და "ჭირი-იქა, ლხინი-აქა"-თი თავდება, რადგან არ გამოჩნდება მურმანი თავისი დაუოკებელი ვნებით და, ცხადია, არც იმ ტრაგედიას რჩება ადგილი, რომელიც "ეთერიანის", როგორც სამიჯნურო ეპოსის ინდივიდუალობას ქმნის. ამ სახის, თუმცა მცირერიცხოვან ვარიანტებში, ეპოსი მთლიანად ძლეულია ზღაპრის სტიქიისაგან. გაზღაპრების ტენდენცია გასაგებია, რამდენადაც ეს თხრობითი ჟანრი, როგორც მისი საკუთრება, სხვა ჟანრთაგან ყველაზე უკეთესად მიესადაგა ხალხის ცნობიერებას (როგორც დავინახეთ, "ამირანიანიც" ვერ ასცდა ამ ტენდენციას).
მსგავსად "ამირანიანისა", "ეთერიანიც" პროზისა და ლექსისგან შედგება. პროზაც და ლექსიც მთელი საქართველოს ფარგლებში (და მის გარეთაც) არის დადასტურებული. "ეთერიანის" პირველი გამომცემელი წინასიტყვაობაში წერდა: "ეს ეთერიანი, შედგენილი სახალხო ლექსებისა და პირად ნათქვამობისაგან, რომელნიც დარჩენილან დღევანდლამდე საქართველოს ყველა ნაწილებში. ზემოხსენებული ლექსები და პირად ნათქვამობანი (რიცხვით ცამეტნი) ეკუთვნის შემდეგ ადგილებს: ქართლს, კახეთს, იმერეთს, სამცხეს (ახალციხის მაზრას), ხევსურეთს, ხევს (თერგისას) და ქალაქ მოზდოკს". აქ "ნათქვამობა" პროზაულ მონათხრობს გულისხმობს, რომელიც საკმაოდ სხვაობს ვარიანტებში. არ არსებობს კანონიკური პროზაული ხალხური ტექსტი. ლექსი კი უცვლელია და მეტნაკლებად ინარჩუნებს თავის სახეს ჩანაწერიდან ჩანაწერში. ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პოეტური ტექსტი "ეთერიანში" პირველადია, არქეტიპულია, პროზაული კი - მეორადი, შემავსებელი. ამიტომაც ზღაპრადქცეულ ვარიანტებში პოეტურ ჩანართებს ვერ შეხვდებით, თუმცა სხვა შეხედულებით, "ეთერიანის ეპოსის ბირთვი პროზაულია" და, უფრო მეტიც: ეპოსი ზღაპრის ნიადაგზეა ჩამოყალიბებული, ანუ მისი პირველწყარო არის ზღაპარი. ძნელია ამ თვალსაზრისის მიღება, რამდენადაც ზღაპარში, როგორც ასეთში, ვერ აღმოვაჩენთ ისეთ "ბირთვს", რომელიც მისი სიუჟეტის ტრაგიკულ განვითარებას გამოიწვევდა. ზღაპრის პრინციპული ოპტიმიზმი არ იძლევა ამის შესაძლებლობას. ზღაპარი ვერ გარდაიქმნებოდა იმ ზომამდე, რომ თავის თავს დაპირისპირებოდა.
"ეთერიანის" არაზღაპრულ წარმოშობას ისიც მოწმობს, რომ მისი სხეულის მდგრადი ფენა - ლექსითი ნაწილი ძირითადად დიალოგურია, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ "ეთერიანის" არქეტიპული ტექსტი რომანტიული დრამა იყო. დიალოგურობა შეიძლება მის თავდაპირველ ანტიფონურ შესრულებასაც მოწმობდეს. ეს დიალოგებია: დიალოგი აბესალომსა და ეთერს შორის, რომელიც თავრდება აბესალომის ფიცით ეთერისადმი; დიალოგი აბესალომსა და მურმანს შორის; დიალოგი მარეხსა და ეთერს შორის; უკანასკნელი დიალოგი აბესალომსა და ეთერს შორის. დიალოგებში ჩაბმულია ეპოსის ყველა პერსონაჟი, ვინც კი ინდივიდუალურ სახეს ატარებს. მთავარი პერსონაჟების დიალოგები იწყებს და ამთავრებს ნაწარმოებს. ლექსითი ვარიანტები ეპოსის მთელს შინაარსს მოიცავს დაწყებული სტრიქონებით "აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეგვყარა ერთფერი" და დამთავრებული სტრიქონებით: "შენ, ჩემო მოყვრის დანაო, უბეს მიდევხარ განაო, ამოგიღებ და დავიცემ მარჯვენა ძუძუსთანაო".
აშკარაა, რომ "ეთერიანი" არ არის იმ ხასიათის ნაწარმოები, რომლის სიუჟეტს ზღაპარში უნდა ეპოვა ხორცშესხმა. არსებობს ვარიანტთა სხვა წრეც, სადაც ეთერის წარმოშობა არ უკავშირდება ზღაპრის სიუჟეტს და ამბავშიც არ მონაწილეობენ ზღაპრის ტრადიციული (კანონიკური) პერსონაჟები (ავი დედინაცვალი, კეთილი დედაბერი). ვარიანტების განსხვავებულ წრეთა არსებობა საკმაოდ აბუნდოვანებს "ეთერიანის" წარმომავლობას და, კერძოდ, ეთერის, როგორც პერსონაჟის, ვინაობის საკითხს. რომელია პირველადი - "ეთერი-გერი" თუ "ეთერი-ტყიური"? ხომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მისი არქეტიპი საერთოდ არ არსებულა და "ეთერიანის" დღემდე შემორჩენილი ვარიანტები ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წყაროდან მომდინარეობს? ასევე დაისმის კითხვა "ეთერიანის" დაწყების თაობაზე. ვარიანტთა უმეტესობაში ამბავი ეთერით იწყება (აქედან არის დაკანონებული სახელწოდება "ეთერიანი"). მაგრამ იპოვება ვარიანტები, არცთუ მცირერიცხოვანი, სადაც ამბავი აბესალომის სანადიროდ გასვლით იწყება. რომელია პირველადი? აქვე უნდა შეინიშნოს, რომ ხალხური თხრობა, ჩვეულებრივ, იწყება იმ პერსონაჟით, რომელიც მთავარია თხრობაში, ანუ რომლის ამბავიც არის მოსათხრობი. საერთოდაც, რომელია "ეთერიანში" მთავარი გმირი? ან როგორ პოულობს აბესალომი ეთერს - ძებნით, როგორც გაზღაპრებულ ვარიანტებშია?
გაჩნდა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ "ეთერიანი" წიგნური წარმოშობისაა. პ. ინგოროყვა "ეთერიანს" ჩამოთვლის იმ ლიტერატურულ ნაწარმოებთა შორის, რომელთაგან ან ფრაგმენტებია შემორჩენილი ან მხოლოდ სახელები. "როგორც თავის დროზე გამორკვეული გვექნება, - ამ რომანიდან არის წარმოშობილი დღემდე შენახული ხალხური თქმულება "აბესალომ და ეთერი", - ისევე, როგორც შოთას "ვეფხის-ტყაოსნიდან" შემდეგ წარმოიშვა ხალხური "ვეფხის-ტყაოსანი". მკვლევარი შეეცადა უცხოურ საკუთარ სახელთა საფუძველზე ემტკიცებინა თავისი ვარაუდი.
მთელი წყება არგუმენტებისა საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ "ეთერიანის" ელიტარულ წარმოშობაზე, ანუ ჩავთვალოთ ის ე. წ. დაძირული კულტურის დოვლათის (Gesunkenes Kulturgut) ერთ კერძო გამოვლინებად ხალხურ სიტყვიერებაში. ქართულ ფოლკლორში ასეთებია: "ტარიელიანი", შაჰნამეს ხალხური ვერსიები: "ბეჟანიანი", "როსტომიანი", "რუსუდანიანი" და სხვანი, რომელთაც თავ-თავიანთი წიგნური წყაროები ეძებნებათ.
"ეთერიანის" პირველი გამოცემიდან რვა ათეული წლის შემდეგ მიხეილ ჩიქოვანის რედაქციით გამოქვეყნდა ჩანაწერთა კორპუსი (ხალხური სიტყვიერება IV, ეთერიანი, თბ., 1954), რომელიც 48 ხალხურ ჩანაწერს შეიცავს (49-ე წარმოადგენს პეტრე მირიანაშვილის გალექსილ ტექსტს). წინამდებარე გამოცემა გამდიდრებულია განვლილი დროის მანძილზე გამოვლენილი ჩანაწერებით, რომელთა რაოდენობამ 88 შეადგინა (საგრძნობლად გაიზარდა იმერეთისა და რაჭის ნაწილი, კორპუსს შეემატა ლეჩხუმური მასალები).
ზურაბ კიკნაძე +
გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!
შეფასება: ცუდი კარგი
შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი: