ვალუტა:
ინფორმაცია
კატეგორიები
რჩეული პროდუქცია
ქართული ხალხური პროზა 1 - ცხოველთა ეპოსი
|
|
აკადემიური წიგნი, თბილისი 2019, 348 გვ.
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
ტომი შეადგინა და ვარიანტები დაურთო - რუსუდან ჩოლოყაშვილმა
ედუარდ და თორნიკე ამბოკაძეების ილუსტრაციები
ცხოველთა ეპოსისადმი მიძღვნილი ცალკე კრებული საქართველოში დღემდე არ გამოცემულა, მისი ცალკეული ნიმუშები კი პერიოდულად იბეჭდებოდა ხალხური ზღაპრის სხვა ქვეჟანრებთან ერთად. ქართული ზღაპრების პირველი კრებული, ბ. ბებურიშვილის მიერ შედგენილი, დაიბეჭდა პეტერბურგში რუსულ ენაზე 1884-1887 წლებში. მას მოჰყვა უკვე თბილისში გამოცემული ვლ. აღნიაშვილის „ხალხური ზღაპრები“ – 1890 წ., შემდეგ უკვე - სხვა მრავალი. თითქმის ყოველ მათგანში სხვა ზღაპრებთან ერთად ვხვდებით ცხოველთა ზღაპრებსაც. ხალხური ცხოველთა შესახებ ზღაპრები თავიდანვე ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშთა პარალელურად იკრიბებოდა და ქვეყნდებოდა. ეს საქმე XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან ფართოდ იყო გაჩაღებული საქართველოში. იმდროინდელი ქართული პრესის ფურცლებზე იბეჭდებოდა ხალხური ლექსები, გადმოცემები, თქმულებები, ლეგენდები, ზღაპრები და ზეპირსიტყვიერების სხვა ჟანრები, მათ შორის ვხვდებით ცხოველთა ეპოსის ნიმუშებსაც. ნაკლებად, მაგრამ მაინც იბეჭდებოდა ისინი თბილისში გამომავალი რუსული პრესის ფურცლებზეც.
რაც შეეხება ცხოველთა ეპოსის ნიმუშების ლიტერატურულ გადამუშავებას იგი ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან მოყოლებული იკიდებს ფეხს საქართველოში. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ისეთი ორიგინალური და ნათარგმნი ძეგლები, როგორებიც არის: სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“, ინდურ იგავთა კრებულის „პანჩატატრას“ ქართული თარგმანი – „ქილილა და დამანა“, სომხურიდან ნათარგმნი „მელის წიგნი“ და ბერძნულიდან გადმოქართულებული ეზოპეს იგავები. მას შემდეგაც, XVIII-XIX საუკუნეებში, ჩვენს ლიტერატურაში გამორჩევით პოპულარული ყოფილა იგავ-არაკები, რომელთა პერსონაჟებიც ცხოველები იყვნენ.
XIX საუკუნის მოღვაწეთაგან იაკობ გოგებაშვილმა, „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ შემდგენელმა, დიდი ამაგი დასდო ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა ჩაწერისა და გამოქვეყნების საქმეს. ამათგან განსაკუთრებული ადგილი ცხოველთა ზღაპარს ეკუთვნის. მისი ჩაწერილი და მის მიერვე შეტანილი მცირეოდენი ცვლილებებით არის გავრცელებული ისეთი პოპულარული ქართული ხალხური ზღაპრები, როგორებიც არის „რწყილი და ჭიანჭველა“ და „თხა და ვენახი“. პირველში ი. გოგებაშვილმა ზღაპრის პერსონაჟი შეცვალა და კუტკალიას ნაცვლად რწყილი შემოგვთავაზა, მეორე ლექს-ზღაპარში კი პირველივე სიტყვა „იარ“-ის ნაცვლად დაამკვიდრა უფრო გასაგები „მოდი“ - `მოდი, ვნახო ვენახი“ (მ. ჩიქოვანი)1.
საერთოდ, ქართული ცხოველთა ზღაპრების შეკრება-შესწავლა ჩვენში ზღაპრების სხვა ქვეჟანრთა პარალელურად ხდებოდა, რასაც არაერთი საინტერესო გამოკვლევა მიეძღვნა.
წინამდებარე ტომში შესულია ქართული ხალხური ცხოველთა ეპოსის მრავალფეროვანი ნიმუშები. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც სიუჟეტურად, ასევე სტრუქტურულადაც, სხვადასხვაა ზღაპართა მიზანი და იდეა. ზღაპრის ცალკეული ტიპები კაცობრიობის კულტურული განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა წარმოშობილი და ამდენად, ბუნებრივია, რომ სიუჟეტურ-სტილური თავისებურებებიც გააჩნიათ.
ერთმანეთისგან განირჩევიან არა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის ნაწარმოებები ცხოველთა ეპოსისა (მაგალითად, ეტიოლოგიური, კუმულაციური, საკუთრივ ცხოველთა ზღაპრები), არამედ ერთი სახისაც. ზღაპართა თვითეული ტიპი საუკუნეთა მანძილზე ვითარდებოდა, იხვეწებოდა და ივსებოდა ახალ-ახალი სიუჟეტებით, მოტივებით, სახეებით და გამომსახველობითი საშუალებებით, მათი გამორჩეულობის მიზეზიც ეს არის.
მიუხედავად იმ არსებითი განსხვავებისა, რაც ამ ქვეჟანრის ცალკეული ტიპის ზღაპართა შორის შეინიშნება, ქართული ცხოველთა ეპოსი საერთოს პოულობს მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორის შესაბამისი ტიპის ზღაპრებთან.
ცხოველთა ეპოსისადმი მიძღვნილ წინამდებარე კრებულში საკუთრივ ცხოველთა ზღაპრების გარდა, რომელშიც მისი პერსონაჟები სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდებიან ერთმანეთს, შემოგვაქვს ცხოველებსა და ფრინველებთან დაკავშირებული ეტიოლოგიური გადმოცემები და ის კუმულაციური ზღაპრები, რომელთა პერსონაჟებიც ცხოველები არიან. რამდენიმე სიტყვით შევჩერდებით თითოეულ განყოფილებაზე, რომლებშიც დაჯგუფდა ცხოველთა ეპოსის ნიმუშები.
გამოხმაურება: შენიშვნა: HTML კოდი არ ითარგმნება!
შეფასება: ცუდი კარგი
შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი: